ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი
ჩოლოყაშვილი კახეთში დაიბადა, სოფელ მატანში. მართლაც, საამაყო წინაპრები ჰყავდა, მაგრამ მათ შორის ერთი, კახეთის აჯანყების მოთავე და შემდეგ სიკვდილით დასჯილი ბიძინა ჩოლოყაშვილი, გამორჩეული იყო. ქაქუცამ თბილისის ქართული გიმნაზია დაამთავრა. ოცდაერთი წლისა რუსეთის არმიაში გაიწვიეს სამხედრო ბეგარის მოსახდელად. ტვერის დრაგუნთა პოლკში გაწვრთნილმა, სამხედრო წინსვლას, სამშობლოში დაბრუნება არჩია. ახალგაზრდა ოფიცერმა საყვარელ ქალზე, ნინო მეღვინეთუხუცესზე იქორწინა. ჯვრისწერისას მღვდელს ჯვარი ხელიდან გაუვარდა და ტაძარში გაჟღერებული წკრიალი მთელი სიცოცხლე ავად ესმოდა.
26 წლის პირველ მსოფლიო ომში ჩაება. ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, ამიტომ კავკასიაში დააბრუნეს და ასეულის უფროსად დანიშნეს. ოსმალებთან ბრძოლაში ჯერ ფეხში, შემდეგ კი მკერდში დაჭრილმა ბრძოლას მანამდე არ დაანება თავი, ვიდრე „არწივის ბუდედ“ წოდებული სიმაგრე ხელთ არ იგდეს. სარაყამიშის დაცვისათვის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. ჭრილობები წმინდა ნინოს ქართულ საავადმყოფოში მოიშუშა და როდესაც ქართული ცხენოსანი რაზმი დაარსდა, ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა და ახლა სპარსეთის ფრონტზე მოხვდა.
საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მუდმივ ომშიც ჩაება. ოფიცერი ჩოლოყაშვილიც თითქმის ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 1921 წელს გაქცეულ მთავრობას თან არ გაჰყოლია, სამშობლოში დარჩა და გადაწყვიტა, იარაღით ებრძოლა ქვეყნის გათავისუფლებისათვის. კახეთში მებრძოლთა ჯგუფი შეადგინა, „საქართველოს შეფიცულები“ დაირქვეს და ტყეში გავიდნენ. ასეთივე ჯგუფების შესადგენად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სანდო პირები დააგზავნა.
ერთი წლის მცდელობის, შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების შემდეგ 1922 წლის მაისის დამდეგს შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) - ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანება. ამ ორგანოს დაექვემდებარა „სამხედრო ცენტრი“, რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა: გამოსავალი ერთადერთია - აჯანყება!
1922 წლის ივნისში სიღნაღთან ჩოლოყაშვილი პირველად შეება წითელ ჯარს, რამაც დასაბამი მისცა დამოუკიდებლობისათვის მრავალწლიან ბრძოლას. აგვისტოში აჯანყება დაიწყო ხევსურეთში. დუშეთში ჩოლოყაშვილის რაზმმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეორე ძლიერი შეტევა ვეღარ მოიგერია, გააფთრებული იერიშით ალყა გაარღვია და თავი კახეთს შეაფარა. მთავრობამ შური იმით იძია, რომ წითელი არმია ხევსურეთს შეუსია და ააოხრა. სხვა გადამჭრელი ზომებიც მიიღო - დაშალა ქართული დივიზია, გააძლიერა რუსული გარნიზონები. ქართულ ოფიცრობას ჩეკამ მუდმივი მეთვალყურეები მიუჩინა. განსაკუთრებული ნადირობა გამოცხადდა ჩოლოყაშვილზე, დიდი რისკი იყო მისი შეფარება ან საკვების მიწოდება. კახეთსა და ქიზიყში სოფელი არ დარჩა, ქაქუცას გულშემატკივარი არ გამოსჩენოდა. მასპინძლობას ხშირად აწიოკება, დაპატიმრება და ზოგჯერ სიკვდილიც მოსდევდა, მაგრამ მაინც იფარებდნენ, ხელს უმართავდნენ, საკვებს აწვდიდნენ. ამის შემდეგ ქაქუცა დროებით ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩრდილო კავკასიელებთან გაება კავშირი. დაბრუნების შემდეგ ისევ დაუწყეს დევნა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაეღუპა ძმა, დაუპატიმრეს ოჯახი, მცირეწლოვანი გოგონები. რეპრესიებს ვერც სხვები გადაურჩნენ. 1923 წლის 3 მარტს ჩეკამ დამკომის 15 წევრი დააპატიმრა, 19 მაისს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა: კონსტანტინე აფხაზს, ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, ვარდენ წულუკიძეს, გიორგი ხიმშიაშვილს, როსტომ მუსხელიშვილს... განაჩენი 24 საათში აღასრულეს.
ასეთმა სისასტიკემ ეროვნული ძალები შეაშფოთა, მაგრამ საერთო სახალხო აჯანყებაზე ფიქრი არ ნელდებოდა. დამკომმა დეკემბერში ქაქუცას მოსთხოვა, თბილისში ჩამოსულიყო. ეს დიდი რისკი იყო, ჩეკა ხომ თავდაუზოგავად ეძებდა, მაგრამ გაბედა და ჩამოვიდა, ერთი კვირა თბილისში იყო და უვნებლადვე დატოვა დედაქალაქი. მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა: საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აჯანყება თებერვალში მოეწყოს. ზუსტი თარიღის დასადგენად პარიზს მიავლინეს კაცი. პარიზიდან მხოლოდ ზაფხულში ჩამოვიდნენ აჯანყების ხელმძღვანელები. დამკომმა აჯანყება მომზადებულად მიიჩნია და გამოსვლის თარიღიც დადგინდა - 17 აგვისტო. ქაქუცამ თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა. მაგრამ პარიზიდან ჩამოსულები ჩეკამ დააპატიმრა და აჯანყების ყველა დეტალი ცხადი გახდა. დამკომმა გამოსვლის დღე გადადო. ქაქუცას არ მოეწონა ეს გადადება, ხალხის უკან გაშვება და ხელახლა შეკრება ძნელი იქნებოდა, მაგრამ დაემორჩილა ბრძანებას: საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყოს ერთ დღეს, ერთ საათს, მთელ საქართველოში. იმოქმედეთ უეცრივ და შეუჩერებლად! დრო - 29 აგვისტო, ღამის 2 საათი!
აჯანყება მართლაც დაიწყო, ოღონდ არა მთელ საქართველოში, მხოლოდ ჭიათურაში. თანაც არა 29 აგვისტოს, არამედ ერთი დღით ადრე. ამიერკავკასიის თავკაცი სერგო ორჯონიკიძე არ დაბნეულა, დამსჯელი ლეგიონები ჯავშნოსანი მატარებლითა და თვითმფრინავით მიუსია, კახეთში იმავე დღეს დააპატიმრა ყველა საეჭვო ელემენტი, თბილისი და ბათუმი მთლიანად დაიმორჩილა. 4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში შეიპყრეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა 10 დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ როცა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში დარწმუნდა, თურქეთის საზღვარი გადალახა და ოქტომბრის ბოლოს 26 მებრძოლთან ერთად უცხოეთში გადაიხვეწა.
ქაქუცა ქართველი რაინდის განსახიერება იყო, დარბაისელი, მზრუნველი, მოხდენილი, შესანიშნავი მოცეკვავე, ამიტომ უყვარდათ შეფიცულებს. ბევრს ეცადა საბჭოთა ხელისუფლება, მისთვის ავტორიტეტი შეელახა, ხან ბანდიტს ეძახდა, ხან ყაჩაღსა და კაცისმკვლელს, მაგრამ ჩოლოყაშვილმა ეროვნული გმირის სახელი დაიმკვიდრა. მასზე ლეგენდებს ქმნიდნენ და შვილიშვილებს მალულად უამბობდნენ.
42 წლისამ საფრანგეთში დალია სული. ვინ იცის, რა იყო ნაადრევი სიკვდილის მიზეზი - ძველი ჭრილობები, შელახული თავმოყვრეობა, ნოსტალგია, სამშობლოში დატოვებული ცოლისა და ქალიშვილების დარდი თუ ყველაფერი ერთად.
ჯერ სენტ უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს. გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ მისი ნეშტი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.
|